აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კერძოდ, ამ აქტის თანახმად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. აქტში წერია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები.
ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
საუბარია 2017 წლის აშშ–ის ბიუჯეტის კანონზე (2017 წლის აშშ–ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი – Consolidated Appropriations Act, 2017), რომელიც
აშშ–ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ–ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.
კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი, სათაურით „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.
ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. დოკუმენტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისოსაფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ უარყოფითი ხმა დააფიქსირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დოკუმენტი ასევე ადგენს, რომ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონგრესის შესაბამის კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ, ოკუპაციის სავარაუდო ხარჯების გათვლით.
ნეტგაზეთი