„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ როგორი ფორმით წარსდგებიან არჩევნებზე, ამ საკითხზე საერთო შეკრება ექნებათ.
„მთავარი ჩემთვის არის, რომ დიდი ერთიანობა, თავისი მრავალფეროვნებით, არის გამარჯვების ფორმულა ამ არჩევნებში. მაჟორიტარულ ბლოკებში მაქსიმალურად ფართო თანამშრომლობა, პროპორციულ ნაწილში კი, ყველა ოპოზიციური ხმის წამოღება, რომ რაც შეიძლება ცოტა დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“. ამ პირობებში საქართველოს მოქალაქეებს გარანტიას ვაძლევთ, რომ 32 პროცენტზე მეტს „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს. არასწორად იყო გაგებული ჩემი განცხადება, რომ ის გადის და ეს გამოდის, დავსხდებით და დავილაპარაკებთ. არავინ არსად გადის, ჩვენ ვართ ამ დიდ მრავალფეროვან კოალიციაში, ერთიანობაში, საერთო ოპოზიციურ ფორმატში, რაც არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, რომ გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. არსად მითქვამს, რომ ვინმე გადის, ბევრი სხვადასხვა ტიპის მსჯელობა მიდის. მე ვაკეთებ ყველა მონაცემის სიღრმისეულ ანალიზს და გეუბნებით, რომ გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა მრავალფეროვნებით, გაერთიანება მრავალფეროვნებით“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ამასთან, ვაშაძე სთავაზობს ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომლითაც თავს არ დაესხმებიან ერთმანეთს.
„ვთავაზობ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მოვაწეროთ ხელი, რომ არ შევკრავთ კოალიციას „ქართულ ოცნებასთან“, რომ საერთო ოპოზიციურ ფრონტს შევინარჩუნებთ, რათა გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“. არ დავესხათ თავს ერთმანეთს, რადგან ეს უნდა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად ჩემზე თავდასხმებისა, მე არ ავყევი არც ერთს და არ გავეცი პასუხი არც ერთს. მზად ვარ, ცალმხრივად გავაგრძელო ეს სტრატეგია, რადგან ვიცი, რომ ეს უნდა ხალხს და არ არის დრო ვიწრო პარტიული ინტერესებისა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.