საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, სადაც ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნას დაესწრო, ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, ერთხელ მაინც დაესწრონ ამ დღესასწაულს.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. ვლაქერნობა არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ, ზუგდიდი და მცხეთა არის ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში დაესწრონ ვლაქერნობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღვთისმშობლის კვართი არის ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან. ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა მოვიდნენ არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც. ჩვენ გვაქვს არაერთი წმინდა ადგილი საქართველოში და საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური ტურიზმის ადგილი. ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ და ჩემი ყველანაირი მხარდაჭერით, რაც საჭირო იქნება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.