გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "საბურთალოელების" მიერ მიცემული ჩვენებებიდან ამჯერად ცნობილი ხდება გური დულურიძის ჩვენება, რომელიც მცხეთაში ვახო ახვლედიანისა და გიორგი ქათამაძის წამოსაყვანად წასულ კახა სანდოძეს ახლდა თან.
"კახამ მითხრა, თუ რაიმე საქმე არ მქონდა, გავყოლოდი მცხეთაში, საიდანაც აპირებდა ბავშვების ჩამოყვანას. კახამ მითხრა, რომ ბავშვები იქნებოდნენ დამალულები და კახას მიერ სამჯერ დასიგნალების შემთხვევაში გამოვიდოდნენ. მივედით დანიშნულების ადგილას, არავინ დაგვხვდა, კახამ სამჯერ დაასიგნალა და რამდენიმე წამში ფეხით ამოვიდა ვახო და გადასძახა მის თანმხლებ პირს, რომელიც ასევე რამდენიმე წამში ამოვიდა ხიდზე. ჩვენი მისვლიდან დაახლოებით 2-3 წუთში ჩვენთან მოვიდა ჩვენი უბნელი ირაკლი დაფქვიაშვილი, ირაკლის შავი HYUNDAI-ის ავტომანქანით. მე გარდაცვლილ შაქარაშვილს არ ვიცნობდი, არც ვახოს და არც გიორგის ის არ უხსენებიათ," - აცხადებს გური დულირიძე.
ცნობილი ხდება კიდევ ერთი მანქანის მძღოლის გიორგი ციცვიძის ჩვენებაც, რომელიც მცხეთაში ასევე ვახო ახვლედიანმა დაიბარა. ადგილზე მისულმა კი ნახა, რომ ვახო ახვლედიანი, მის თანმხლებ პირთან ერთად მის უბნელ კახა სანდოძეს მოჰყავდა თბილისში.
"სატელეფონო საუბრისას ვახომ მითხრა, რომ ჩავსულიყავი მასთან, მცხეთაში. მე, სოსო თუშიშვილთან ერთად ჩემი კუთვნილი LEXUX-ის მარკის ავტომანქანით გავემართე მცხეთაში, როცა უბნიდან გავედით იქნებოდა დაახლოებით 01:30.
მცხეთაში, დაგვხვდა ჩემი მეზობელი კახა სანდოძე, რომელიც იყო TOYOTA PRIUS-ით. მათთან მანქანაში იჯდა ვახო ახვლედიანი და კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი. ისინი კახამ წამოიყვანა თბილისში. მათ უკან გავყევით მე და სოსო ჩემი მანქანით, ხოლო ირაკლი დაფქვიაშვილი და შაკო HYUNDAI-ს ავტომანქანით. მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობისას ვაკვირდებოდი გზას, რადგან ვიცოდი, რომ მცხეთაში ვახოს გარდა კიდევ 4-5 პირი უნდა ყოფილიყო. თბილისში ჩასვლისას, შევიტყვე, რომ დაბადების დღეზე მყოფი პირებიდან ერთ-ერთმა დარეკა პოლიციაში მომხდარის შესახებ,"- აცხადებს გიორგი ციცვიძე.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.