კახა კუჭავა: ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატება "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში

15 Jul 2020 18:58

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავასა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰეიდი ჰაუტალას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 

საუბრის მთავარი თემა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები იყო.

 

„ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებზე, ასევე იმაზე, თუ როგორია დღეს ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ის ცვლილებები, რომლის მიღებაც მოხდა 8 მარტის შეთანხმების თანახმად და  ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმება მმართველი პარტიის ამ ძალისხმევას,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელში შესატან ცვლილებებსაც 13 ივლისს კენჭი ეყარა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, ანგარიშზე კენჭისყრა სექტემბერში, უკვე სესიაზე იგეგმება.

 

როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა საუბრის დროს განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატება კოვიდ-19-თან ბრძოლაში, ასევე ის, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ევროპის სტრატეგიული პარტნიორობის, რომლის მიზანი, საბოლოო ჯამში, ევროკავშირში ქვეყნის სრულფასოვან წევრობას უკავშირდება.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს გარემოსდაცვით საკითხებზე და ამ კუთხით საქართველოს წარმატებებზე. კახა კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ისეთ აქტუალურ გლობალურ თემებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი თავად მწვანეთა პარტიის წარმომადგენელია, საუბარი შეეხო ასევე გარემოსდაცვით საკითხებს, რომლებიც ევროპისთვის გამოწვევას წარმოადგენს  და იმ წარმატებებს, რომლებიც ამ კუთხით საქართველოს აქვს და რაც ბოლო ოთხ წელიწადში ამ მოწვევის პარლამენტის მიერ გარემოსდაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოთი გამოიხატება“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.


კომენტარები:

ფართი შოპი