ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სიაში იქნებიან, როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე ახალი სახეები

15 Jul 2020 19:40

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძე "დღის კურიერში" სტუმრობისას პარტიის საარჩევნო სიის  დაკომპლექტებაზე ისაუბრა.


"ათეულშიც, ოცეულშიც იქნებიან, როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე იქნებიან ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივი, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც "ქართული ოცნება" განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე.

ჩვენი კანონით დადგენილი ვალდებულება არის, რომ სიაში ყოველი მეოთხე უნდა იყოს განსხვავებული სქესის. თუმცა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამის მიღმაც კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენ სიაში ქალები. ამაზე აქტიურად გრძელდება მუშაობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ის მაჟორიტარობისთვის არ იბრძოლებს, რადგან "ბუნებრივია, შტაბის უფროსი ვერ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ფიზიკურად შეუთავსებელია ერთი საქმიანობა მეორესთან".


კითხვაზე,  ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაბრუნდება თუ არა აქტიურ პოლიტიკაში და  იქნება თუ არა სერგეენკო საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:

"ბუნებრივია, სახელებს და გვარებს ჯერ ჩვენ ვერ დავასახელებთ. ეს არის სამუშაო პროცესი. ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო. თუმც, რაც შეეხება მაჟორიტარებს, დავაკონკრეტებ და ვიტყვი, რომ უახლოეს მომავალში უკვე "ქართული ოცნება" წარადგენს ოცდაათივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. შესაბამისად, საზოგადოებას ეცოდინება არა მხოლოდ საბურთალოს, ან თბილისის რომელიმე ოლქის კანდიდატები, ეცოდინება 30-ვე," - განაცხადა კობახიძემ.


"კურიერის" ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მამუკა მდინარაძესა და დავით სერგეენკოს შორის შიდა გამოკითხვა ჩაატარა, რის შემდგომაც სერგეენკოს დიდი უპირატესობა ჰქონდა, ირაკლი კობახიძემ არც უარყო და არც დაადასტურა.


"ჩვენ, ზოგადად, კვლევებს ვაწარმოებთ მუდმივად. მათ შორის, მაჟორიტარების ჭრილშიც გვქონდა,  დაგიდასტურებთ, კვლევები. რვავე თბილისის ოლქში ჩატარდა კვლევები. სხვადასხვა პოლიტიკოსი იყო ჩართული ამ გამოკითხვაში. შესაბამისად, მონაცემები ბუნებრივია გვაქვს. მონაცემებიც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს. რაც შეეხება კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგებს, მე დაგიდასტურებთ, რომ გამოკითხული გვაქვს ამ კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგებიც, მათ შორის, დავით სერგეენკოსი, მათ შორის მამუკა მდინარაძის და მათ აქვთ ძალიან მაღალი რეიტინგი, შესაბამისად, ისინი შეიძლება იყოს განხილული კანდიდატებად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი