საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართულ ოცნებას“ ჰყავს იმაზე მეტი მხარდამჭერი, ვიდრე მთელ ოპოზიციას ერთად აღებულს.
„ქართულ ოცნებას“ ჰყავს იმაზე მეტი მხარდამჭერი, ვიდრე მთელ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით და ძალიან მყარი მანდატით კიდევ ერთხელ მოვა ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, რომ აუცილებლად 50%-იანი ზღვარი უნდა გადავლახოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. გვაქვს ამბიციური გეგმა და გვინდა, რომ გადავცდეთ უსათუოდ 50%-იან ნიშნულს. ამის კარგ საფუძველს ქმნის ის განწყობა, რომელიც დღეს არის საზოგადოებაში. თქვენს ეთერშიც გამოქვეყნდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 55%. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გვქონდეს უფრო მაღალი შედეგის მოლოდინი, ვიდრე თუნდაც 50%. დღეს ასეთია საზოგადოების განწყობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს განწყობა კიდევ უფრო გავამყაროთ იმ სწორი ხედვების შეთავაზებით, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს საარჩევნო პროგრამაში და ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.