ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პასუხი დავით ფერაძის საჯარო მიმართვაზე და ფერაძის შეფასება

06 Sep 2017 21:47

პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელს

ბატონ დავით ფერაძეს



ბატონო დავით,


ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის გამოგზავნილი თქვენი (№13417/43.21.08.2017) წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ შროშის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ საწაბლის გზის რეაბილიტაციის აუცილებლობა, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის დანარჩენი 58 სოფლის საჭიროება, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და მათ მოსაგვარებლად გასატარებელი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა კარგადაა ცნობილი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის. ერთია საჭიროება და მეორე ფინანსური შესაძლებლობები, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს გააჩნია. ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველწლიურად, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებისა და პრიორიტეტების გეგმის შესაბამისად, გეგმავს და ახორციელებს პროექტებს როგორც ქ.ზესტაფონში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.


ნებისმიერ ტიპის ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წინასწარაა დამუშავებული, შეტანილი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტში (გეგმაში) და გათვალისწინებული ფინანსურ დოკუმენტში (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და შესაბამისად შესყიდვების გეგმაში), რომელიც ყოველწლიურად მტკიცდება საკრებულოს მიერ. საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე პერიოდში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეტაპობრივად, სამოქმედო გეგმის მიხედვით, ახორციელებს დაგეგმილი პროექტებს. ბუნებრივია პროექტების ნუსხა პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსურ მაჩვენებლებთან.


სამწუხაროდ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საკმარისი არაა ყველა პრობლემის გადასაჭრელად, ამიტომ ირჩევა პრიორიტეტები არსებული რესურსით შესასრულებელი სამუშაოების დასაგეგმად. პირველ ეტაპზე აქცენტი კეთდებოდა სოფლების ცენტრალური გზების მშენებლობაზე სოფლის რელიეფის, გზის საფარის მდგომარეობისა და დასახლებული პუნქტებში მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი გზების მშენებლობის მეორე ეტაპს - შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.


რაც შეეხება სოფელ საწაბლის გზის სრულ რეაბილიტაციას, სოფლის მდებარეობის გათვალისწინებით აღნიშნული პროექტი დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან, რომლის საშუალებაც ადგილობრივი თვითმმართველობას ამ ეტაპისათვის არ გააჩნია. სოფელთან სატრანსპორტო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად გზის რთული მონაკვეთები მუშავდება ტექნიკით. განსაკუთრებით რთულ მონაკვეთებზე დაიგო ბეტონის საფარი. ესაა გზის შეკეთების დროებითი ღონისძიებები, სანამ მუნიციპალიტეტი შეძლებს შესაბამისი ფინანსების მოძიებას საწაბლის გზის მშენებლობისათვის.


გულწრფელად უნდა ითქვას რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების გეგმაში კოსტანტინე სუხიაშვილის სახლ–მუზეუმის რეაბილიტაცია გათვალისწინებული არაა. სამწუხაროდ, სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის ინიციატივა ადგილობრივი მოსახლეობიდან არ შემოსულა.


მეწყერული ზონების სიხშირის გამო რეაბილიტაცია ესაჭიროება ავარიულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობაში, გამონაკლისს არ წარმოადგენს მხოლოდ სოფელი საწაბლე. საკითხი აქტუალურია და კარგადა ცნობილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის. ამ ეტაპზე ხორციელდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღრიცხვა ერთიანი მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსებისათვის, დაზიანებული სახლების სიმრავლიდან გამომდინარე, საჭიროა დიდი ოდენობის სახსრების მობილიზება, პარალელურად შემუშავდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ პირთა დახმარების გრძელვადიანი პროგრამა და აისახება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში. თუმცა ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტის გამგეობა ცდილობს თავიდან აიცილოს  უსახლკარო ოჯახების რიცხვის ზრდა და სახლების დაზიანების ხარისხის, ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის, ოჯახში მცხოვრები პირების ასაკის, ჯანმრთელობისა და რაოდენობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარება ეძლევათ ყველაზე მეტად დაზიანებული სახლების მფლობელებს სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის აუცილებელი სამშენებლო მასალების შესაძენად.


რაც შეეხება ელ–ენერგიის სადენების, ბოძების მოწესრიგების და ასევე გაზიფიცირების სამუშაოების ჩატარებას, აღნიშნული საკითხი ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაში არ შედის. საკითხის გადაჭრის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის კომპანიებს, რომელიც წინასწარ, წლების მიხედვით გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ახორციელებს როგორც მშენებლობას, ასევე ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.


რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ნებისმიერ წარმომადგენელთან შეხვედრა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ მოქალაქეებს ამის საჭიროება და სურვილი უჩნდებათ. ასევე დაწესებულია მუნიციპალიტეტის გამგებელთან ოფიციალური მიღების დღე (ყოველი კვირის ოთხშაბათი). შეხვედრა შესაძლებელია ასევე კვირის ნებისმიერ დღეს, მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის შემთხვევაში. რაც შეეხება სოფლის მოსახლეობასთან გასვლით შეხვედრებს, იგი იგეგმება სოფელში განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში პროექტის გაცნობის მიზნით ან ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით. თუ სოფელ საწაბლის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებისა და სოფლის წარმომადგენლობის შეხვედრა, მათ აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ შროშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს, რომლის   დახმარებითა და ორგანიზებით დაიგეგმება სოფელთან შეხვედრის ადგილი და დროც.


პატივისცემით, გერონტი დევდარიანი


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა




დავით ფერაძე, პედაგოგთა საკორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი:


_როგორც ხედავთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, საწაბლის გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი, თუნდაც მცირე ფინანსების ხარჯვის კანონიერებაზე; არაა მზაობა იმაზე, რომ მოსახლეობამ თავად აკონტროლოს ფინანსების ხარჯვა და ხელი შეუშალოს ცალკეულ „ხელის მომთბობლებს“. რა საკვირველია, ყველას ესმის ელემენტრარული ჭეშმარიტება, რომ ნებისმიერი პროექტის და საქმიანობის განხორცილება ვერ გასცდება მთავარ ფინანსურ დოკუმენტს - ბიუჯეტს, მაგრამ, საზოგადოება არაა ბრიყვი, იმასაც ვერ ხვდებოდეს, რამდენი „პარაზიტი“ აზის ამ ბიუჯეტს და რამდენი ხვრელი აქვს მას. გასაგებია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით საწაბლეში ესტაკადას ვერ ააგებდნენ, მაგრამ, ისიც ხომ ცხადია, რომ ბიუჯეტში იმაზე მეტი თანხა არის გამოყოფილი, ვიდრე საწაბლის 20 მეტრიან მონაკვეთზე რამდენიმე ერთეული ცემენტის უხეირო მოყრა დაჯდებოდა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არც უნახავს გამგეობის მესვეურებს.


ადგილობრივ ხელისუფლების უფლებამოსილება იძლევა იმის საშუალებას, რომ იბრძოლოს დამატებითი თანხის მოზიდვისთვის, როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ისე სხვა საშუალებებით. დაითვალა კი მან, რა ღირებულების ხე-ტყე განადგურდა საწაბლეში და რა თანხები გადავიდა მავან, არა ამ სოფლელთა ხელში? თან ისეთების ხელში, რომელმაც, შესაძლოა, არც კი იცის საწაბლის მდებარეობა. შავი, მონური შრომის გარდა რა მოხმარდა საწაბლის ხე-ტყიდან ადგილობრივ მოსახლეს? იმ მოსახლეს, რომლის წინაპრებმაც ოფლით და შრომით გააშენეს სოფლის ხე-ტყე და უპატრონეს მას? ახლა კი, უცხოელი მიდგომია და გულსაკლავად ანადგურებს წლობით ნალოლიავებ ძვირფას რესურსს. ხომ შეეძლო მუნიციპალურ ხელისუფლებას, რომელსაც ხალხმა ლეგიტიმაცია მიანიჭა, ებრძოლა (ვაზუსტებ: ებრძოლა) იმისთვის, რომ ტყის „გაპრავებული“ გაჩანაგებიდან კანონს ამოფარებული მძარცველი კომპანიებისთვის 10-15% მაინც წაეგლიჯა, ეს თანხა გზის სრულყოფილი შეკეთებისთვისაც გამოდგებოდა და ავარიული სახლების მისახედადაც. ან პირდაპირ უნდა ყოფილიყო კონკურსის პირობა, ტყის ჭრის სანაცვლოდ, სოფლის გზისა და საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.   (სხვათაშორის, არავინ ყოფილა ამ სოფელში სახლების შესამოწმებლად და აღრიცხვის ჩასატარებლად და ესეც არ შეეფერება სინამდვილეს).


რაც შეეხება ელექტრიფიცირების თემას, რომლის განხორცილებაც გამგეობის კომპეტენციას არ განეკუთვნება. რა პრიმიტიული პასუხია! რა მნიშვნელობა აქვს ამას? როდესაც წარმოადგენ ადგილობრივ ხელისუფლებას, განა არ უნდა გაწუხებდეს ის პრობლემატიკა, რომელიც შენი უშუალო განსახორციელებელი არ არის, მაგრამ შენთვის ნდობის გამომცხადებელ ადამიანებს ეხება? შესაბამის კომპანიებს უცებ რომ მოეპრიანოთ და ზესტაფონს საერთოდ რომ შეუწყვიტონ ელექტრომომარაგება, ან დაიწყონ სრული დემონტაჟი, გამგეობა ამაზე უნდა დადუმდეს, რადგან მის ფუნქციებში არ შედის? განა, არ აქვს მუნიციპალიტეტს ზემოქმედების მექანიზმი? ცხადია აქვს, მაგრამ თავი ხომ უნდა დაიძვრინოს.


და თუკი კომპეტენციის საზღვრებში ვერ მოქმედებ, თუკი ფინანსებს ოპტიმალურად ვერ ხარჯავ, თუკი ზემოქმედების მექანიზმებს ვერ იყენებ, მოკლედ, ადგილობრივად მმართველობითი უუნარო ხარ, მაშინ სჯობს წახვიდე კაბინეტიდან და ხალხი თავად გადაწყვეტს, ვის გამოუცხადოს რეალური ნდობა. მე კი ვაგრძელებ მუშაობას და უახლოეს ხანში მთავრობისადმი გაგზავნილ მიმართვას შევთავაზებ საზოგადოებას.





კომენტარები:

ფართი შოპი