გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან ზ.ხ-ს ამ წუთებში გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტიზა უტარდება.
პროცესს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად არასრულწლოვნის უფლებადამცველიც ესწრება. ექსპერტიზამ ახლა უნდა დაადგინოს მიიღო თუ არა 19 ივნისის ღამეს ზ.ხ-მ სხეულის რაიმე სახის დაზიანება, თუმცა ადვოკატი გიორგი გელხაური მისივე დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბრალდებულს დაზიანებები არ აქვს იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირების არცერთ ეპიზოდში მონაწილეობა არ მიუღია.
არასრულწლოვანს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, მის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ზ.ხ. ავტომაგისტრალის ეპიზოდში ფიგურირებს და ის ავტომობილ ტოიოტა ქემრიში იჯდა.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.