კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მიდგომების გარეშე ჩვენი საფინანსო სისტემა დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევას ვერ გაუძლებდა

16 Jul 2020 20:19

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს დღეს პარლამენტში უსმენენ. გვენეტაძე პლენარულ სხდომაზე 2019 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უწყების მიერ გატარებულ ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო ნაბიჯებზე საუბრობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება პრიორიტეტულ მიმართულებების მიმოხილვით დაიწყო, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა.


„ხაზგასასმელია, რომ გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის სარგებელი არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით კარგად ჩანს. ამ არაორდინარული ვითარების ფონზე, სწორედ აღნიშნული რეზერვებს ვიყენებთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვის. შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.


გამოსვლის ფარგლებში, კობა გვენეტაძე ახალი პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების ეკონომიკურ ზეგავლენაზე ისაუბრებს და დეპუტატებს გააცნობს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ შესაბამის ნაბიჯებსა და განხორციელებულ ღონისძიებებს.


„დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე. ასეთი თანმიმდევრული მიდგომების გარეშე ჩვენი საფინანსო სისტემა დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევას ვერ გაუძლებდა. თუ 2008 წელს პრობლემები ფინანსური სექტორიდან წამოვიდა, დღეს, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, ეს ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება, ვინაიდან ჯანსაღი ფინანსური სექტორი არის ის ლოკომოტივი, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი