დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს შანსი, რომ ყოველგვარი კოალიციის გარეშე, ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში.
მისი თქმით, კონკრეტულ კვლევებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ 39 პროცენტი დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, სამის მაგივრად ხუთი უნდა ყოფილიყო.
„2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა, ნახოთ, როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგები იდებოდა არჩევნებზე. შესაბამისად, ყველანაირი თვალსაზრისით, საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. პროცენტულობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უმრავლესობით შევა პარლამენტში „ქართული ოცნება“. კოალიციის შექმნა დღევანდელი მოცემულობიდან შეუძლებელია. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.