,,მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლასთან ერთად შევძელით წინსვლა - ეს უკვე პოლიტიკური წარმატების ისტორიაა. მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. მიუხედავად საკმაოდ დაძაბული და რთული დასაწყისისა, პროცესი, როგორც შემოდგომაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობა, თავის პოზიტიურ დასასრულამდე მივიდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან და დიპლომატებთან ერთად, გამართულ დისკუსიაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებას შეეხებოდა.
,,ისევე როგორც კოვიდთან ბრძოლა, წარმატება პოლიტიკურ სფეროშიც ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგია. დამაკმაყოფილებელი შედეგისა და კონსესუსის მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის დიპლომატიური საზოგადოებისა და ფასილიტატორი ელჩების პირდაპირ ჩართულობას.
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი იყო დროული, რათა მომხდარიყო იმ სიტუაციის პრევენცია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო რაიმე ფორმის დესტაბილიზაციის შესაქმნელად, რაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააზიანებდა.
სწორედ, შიდა სტაბილურობაზე ზრუნვა და დეპოლარიზაციისაკენ სვლა იყო და მომდევნო საარჩევნო პერიოდშიც დარჩება ჩემს მთავარ მიზნად და ორიენტირად.
ახალი ბალანსი პარლამენტში პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრებს შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციების შესრულება და დამატებითი ცვლილებები (ყველაზე დაბალი ბარიერი, კვოტები ქალებისთვის, დაფინანსების ახალი სისტემა) უზრუნველყოფს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების გარემოს.
საერთო ჯამში, კოვიდს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებისათვის ხელი არ შეუშლია. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მან ხელი არ შეუშალოს და გავლენა არ იქონიოს ასევე, მომავალ საარჩევნო კალენდარზე.
პერსონალურად ვიმუშავებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული ხმის მიცემისა და უსაფრთხოების პირობების შესახებ, ასევე არჩევნებზე მისვლისას თავი დაცულად იგრძნონ.
მე ვიცი, რომ პარლამენტი, ჯანდაცვის სექტორთან ერთად, უკვე მუშაობს საარჩევნო უბნებსა და ამომრჩვევლებისათვის უსაფრთხოების პირობებზე, იმ ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელთაც კოვიდის პირობებში ჩაატარეს არჩევნები.
ეს წარმატება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა და მომავალი რამდენიმე თვე მარტივი და არჩევნებისაკენ სწორხაზოვნად მიმავალი გზა იქნება.
კოვიდის მიუხედავად, კვლავ არის გამოწვევები. სამწუხაროდ, შეინიშნება გარვეული მოძრაობები, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა იქონიონ ქვეყანაში სტაბილურობაზე. მე უკვე ვახსენე თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის ქვაკუთხედი იყო“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.