ილია მეორე: ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები...

15 Sep 2017 19:27

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისი აღავლინა და ტაძარში შეკრებილებს ეკლესიური ახალი წელი და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 


პატრიარქის თქმით, არის დღეები, როდესაც ადამიანი განსაკუთრებით ფიქრობს თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე და ეს დღე არის სწორედ დღევანდელი დღე. 


”დღეს არის ახალი წელი ეკლესიურად და დასაწყისი სასწავლო წლისა. ორი დღესასწაული დაემთხვა ერთმანეთს. მე მინდა ორივე დღესასწაული მოგილოცოთ. დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას გვაძლევს და რა არის განათლება. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ცოდნა. ცოდნის მიღება ეს არის ”ნათელი ქრისტესი”. ”ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა”. 


ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იცოდეს, რომ ”ნათელი ქრისტესი” უნდა შევიდეს ჩვენში. ჩვენ გავუღოთ კარი და სარკმელი ჩვენი გულისა და გონებისა ”ნათელსა ქრისტესა”. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე. ვიყავით ისეთი სტუდენტები, რომლებიც მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით საინტერესო წიგნებს. ჩვენ ვკითხულობდით ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ეს ყველაფერი აფართოებდა ჩვენს ცოდნას. უნდა ითქვას, რომ ცოდნის მიღება საკმარისი არ არის. ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები. ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები. აი, ასეთი კეთილი თვისებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე და შეგახსენოთ უფლის სიტყვები – ”ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ”. ღმერთმა მოგცეთ მადლი, წყალობა, სიბრძნე, სიხარული, სიყვარული და მტკიცე სარწმუნოება”, – განაცხადა უწმინდესმა. 


პატრიარქმა დღეს სიონში სასულიერო აკადემიის პრორექტორი დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა


"მარშალპრესი"


კომენტარები:

ფართი შოპი