გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა.
ბრეგვაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიებას არაფერს არ უმალავს.
იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი ფოტომასალა არ გადაუღია, ფოტოაპარატი გამოძიებამ ამოიღო და ექსპერტიზა ჩაუტარდება.
„ის ყველა კითხვას უპასუხებს, მანამდე კი ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს. უნდა შევხვდეთ და ეს ისტერია მოწმეების ირგვლივ უნდა დასრულდეს. ასე არ შეიძლება, რადგან არავის მოუნდება მივიდეს და ითანამშრომლოს პოლიციასთან. ამონაწერში ძალიან კარგად ჩანს და თქვენ ეს იცით, რომ მან დარეკა უწყებაში. მას არაფერი გადაუღია, ამოღებულია კამერა, ჩაუტარდება ექსპერტიზა. ჩვენ ვაპირებთ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას, გადავიღებთ ყველაფერს, სად იმალებოდა, როგორ იმალებოდა იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები და ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე. მან არ იცის სისხლიანი დაპირისპირება იყო თუ არა. რაც ხდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია მისცა გამოძიებას, ამის იქით არაფერი იცის", - განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.