მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

18 Jul 2020 13:54

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან სამი იმპორტირებულია, ხოლო სამი - უკვე ინფიცირებულთან კონტაქტი. დანარჩენ ორის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.


„ქვეყანაში გუშინ 1010 დადასტურებული შემთხვევა გახლდათ, დაგვემატა 8 შემთხვევა და დღეისთვის გახლავთ „კოვიდ19“-ით ინფიცირების 1018 დადასტურებული შემთხვევა. გვყავს 10 ახალი გამოჯანმრთელებული და მათი რაოდენობა გახდა - 895. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რიცხვი უკვე 87.9% -ია. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 146 პაციენტი.

8 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 3 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 2 შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. ამ ორ ადამიანთან ვირუსი გუშინ დადასტურდა და გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.


რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, მკურნალობას 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს, რომელთა მდგომარეობა საშუალო ან საშუალოზე მსუბუქია.


„ჩვენ გვყავდა 19 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი და დაგვემატა კვლავ 1 დადასტურებული შემთხვევა. ამდენად, ისევ გვყავს 19 პაციენტი. ახალი პაციენტის რუტინული კვლევების მიხედვით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც უცვლელია. არავისთან არ შეიმჩნევა დაავადების პროგრესირება, ანუ დამძიმება. ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ და საშუალოზე მსუბუქად ფასდება,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი