გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი დე ფაქტო ცხინვალის ბრალდებებს არ ეთანხმება

18 Jul 2020 15:15

დე ფაქტო ცხინვალის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი არ ეთანხმება და პოლიტიკაში ჩართულობას გამორიცხავს.


„არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. თუ შემთხვევით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, 5 გასროლას ვინ აპატიებდა?! თუ ჩემი შვილია დაჭრილი, იმათ როგორ არაფერი ეტკინათ და არავინ დაზარალდა? არავის ვუჩივი - არც ამ მთავრობას, არც მათ, გამოუშვან ჩემი შვილი. მთავრობას ვთხოვ, დაგვიდგნენ გვერდში და დამიბრუნდეს ჩემი შვილი. ნურც პოლიტიკაში გაგვრევენ და ნურაფერს დაგვაბრალებენ. პოლიტიკაში არ ვერევით, ჩვენი შრომით ვცხოვრობთ და ვჭამთ ერთ ლუკმა პურს და დაანებონ ჩემს შვილს თავი. თუ გადაკვეთა და დაარღვია, ხომ ისჯება ამისთვის და გადავიხდით გირაოა თუ ჯარიმა. გამოუშვან სხვა არაფერი გვინდა“, - აცხადებს გატაცებული ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური.


გატაცებული ზაზა გახელაძის ცოლს, ირმა ბუთხუზს არ სჯერა, რომ ზაზას ადამიანისთვის იარაღი ესროლა.


„მე არ მგონია, რომ ზაზას ადამიანისთვის იარაღი მიეშვირა და ესროლა. როგორც გავიგეთ, ერთი გასროლა იყო და ისიც თავისი მეგობრის გასაფრთხილებლად გაისროლა. იცის, რომ ისინი შეიარაღებულები არიან, იცის რომ არ შეუძლია მათ წინააღმდეგ იარაღის გამოყენება. ზაზა არაა პირველი, ვინც გაიტაცეს და იცის გადმოცემით, როგორც არიან გატაცებულები დაცულები. ეს ბრალდებები ჩვენთვის მიუღებელია. არ ვართ პოლიტიკაში ჩართულები, ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და ველოდებით ხელისუფლებისგან დახმარებას“, - განაცხადა გატაცებული ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა.


გახელაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების განცხადებით, ზაზა გახელაძის უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, სუსი აქტიურად აგრძელებს ცხელი ხაზით კომუნიკაციაც. უწყება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურებულ წყაროს წარმოადგენს ცხელი ხაზის მექანიზმი.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედრო პროკურორის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა.


ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. 



კომენტარები:

ფართი შოპი