კახა კალაძე: „ქართული ოცნება” არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია

20 Jul 2020 13:54

პარტია ,,ქარტული ოცნების” გენერალურმა მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება” არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტურად გამკლავება შეუძლია. 


,,ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი. ვიცით, რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის წარმატებული, განვითარებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად", - განაცხადა კალაძემ.


კახა კალაძემ, საარჩევნო კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას 2012 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2012 წელს, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება.


“მაშინ, ჩვენ პრაქტიკულად დავიბრუნეთ საკუთარი სამშობლო და შევძელით ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაყენება. ამ წლების მანძილზე ბევრ წარმატებას მივაღწიეთ პრაქტიკულად ყველა სფეროში, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც კვლავ ერთად უნდა დავძლიოთ, ისევ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს რეალური შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს. წარმატებული, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ასაშენებლად, ჩვენ გვჭირდება თითოეული მოქალაქის ენერგია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის შენების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმსახურებს წარმატებას, იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამის მიღწევა კი, ერთმანეთის გვერდში დგომის, ერთიანობის გარეშე რთული იქნება, ეს საქართველოს წარმატების გასაღებია”, – განაცხადა კალაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი