„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვაზე, რომ იგი იყო წარმატებული მინისტრი, მაგრამ შემდეგ თანამდებობა დატოვა და რატომ სურს ახლა მას პარლამენტში დაბრუნება და ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თუ გუნდს სჭირდებოდა მისი პოლიტიკაში ყოფნა, განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად წარმატებული მინისტრი იყო იგი.
„მაშინ ძალიან სერიოზულად დავინტერესდი და საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძივობა 3-4 წელიწადია. სულ ორი გამონაკლისი იყო. მე კი 7 წელი გამომივიდა, რაც საკმარისზე მეტია. ახალი ენერგია იყო საჭირო მინისტრის პოზიციაზე. პარლამენტარის პოზიცია, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა, თუმცა აქ სპეციფიკაა სხვაგვარი.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარტიები გუნდურობის პრინციპითაა წარმოდგენილი, მე ჩემი კონკრეტული ამოცანა მაქვს. აქ ექიმის ლოგიკაა, რომ მე არასდროს საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიაში, არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ჯანდაცვის პრიორიტეტი ასეთ სიმაღლეზე ასწია და ამდენი რამის გაკეთება შეძლო. ამიტომ, მე თავს ვალდებულად ვთვლი, ასეთ გუნდს ისევ მხარში ამოვუდგე და ფოკუსირება გავაკეთო სწორედ ამ მიმართულებებზე“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.