გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებამ ახალი მტკიცებულებები მოიპოვა

20 Jul 2020 15:25

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებებია. გამომძიებლებმა არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვები იპოვეს, რომელსაც სისხლის კვალი აქვს.


მტკიცებულებები სამართალდამცველებმა მორიგი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოიღეს, რომელიც ვახო ახვლედიანთან ერთად ჩატარდა.


ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ გაიყვანეს. პოლიციას ის ადგილი აინტერესებდა, სადაც დაპირისპირება დაიწყო და სადაც ჩხუბის შედეგად დაშავებული ახვლედიანი დაიმალა. 


ვახო ახვლედიანის ადვოკატის განცხადებით კი, ქვაზე შესაძლოა იყოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლი და ექსპერტიზამ სწორედ ეს უნდა დაადგინოს. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ვახო ახვლედიანს ეს ქვა თავდაცვის მიზნით ეჭირა.


ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით კი, ვახო ახვლედიანი გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მივა.


"ამოღებულია ქვა, ვახომ სწორედ იმ ქვაზე მიუთითა, რომელიც მას თავდაცვის მიზნით ეჭირა. არა მგონია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კიდევ უნდა მივიდეს გამოკითხვაზე და თუ ეს მოხდება, აუცილებლად უნდა იყოს იქ მაგისტრი მოსამართლე," - განაცხადა კახა წერეთელმა.


შეგახსენებთ, 19 ივნისს გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული, საქმე გადაკვალიფიცირებულია და ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.




კომენტარები:

ფართი შოპი