მარინა ეზუგბაია: რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური, კორონავირუსი არსად წასულა

21 Jul 2020 14:32

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტია მოთავსებული.


„ჩვენი ცენტრის მონაცემების მიხედვით, ჩვენ დღეს გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი, გამოჯანმრთელებული გუშინ არ გვყოლია, შეგვემატა 3 ახალი პაციენტი, ამ 3 პაციენტიდან, 2 პაციენტი გახლავთ ჩვენს ცენტრში მკურნალობაში მყოფი პაციენტების კონტაქტები, ხოლო ერთი პაციენტის წყაროს დადგენა მიმდინარეობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


მისივე თქმით, თუ დადგენილი რეგულაციები შესრულდება, არ იქნება იმის საფრთხე, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს.


„ერთნიშნა რიცხვები, ან თუნდაც 10-11 კატასტროფა არ არის. კოვიდთან მიმართებით შემთხვევების ასეთი მატება ქვეყნის მიღწევებზე გავლენას არ მოახდენს. ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტის კვლევა და წყაროს დადგენა ხორციელდება და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ხედავთ, უკვე 6 თვეზე მეტი გავიდა და დაავადებათა კონტროლი ამ პროცესს წარმატებით ახორციელებს, ასეთივე წარმატებით გააგრძელებს.

თქვენზე, ჩემზე, მოსახლეობაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შევასრულებთ დადგენილ რეგულაციებს. ეს რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური, ნამდვილად შესრულებადი უნდა იყოს. უნდა შევასრულოთ რეგულაციები, ინფექციის მკაცრად გაკონტროლება უნდა ხდებოდეს. ასე თუ გაგრძელდება ქვეყანაში, არ იქნება საშიშროება იმისა, რომ ეს სიტუაცია უმართავი გახდეს, იქნება ასეთივე ზომიერი და კონტროლირებადი მატება. ჩვენ ვამბობთ, რომ კოვიდ-19 არსად წასულა და აქ არის. ჩვენს გარშემო ქვეყნებში ხომ ხედავთ, რა ხდება? ჩვენ ოაზისივით ვართ სხვა ქვეყნებთან მიმართებით. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ, უნდა გავითვალისწინოთ რეგულაციები და შევასრულოთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი