„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, რომ „ახალი საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომლის რეიტინგი იზრდება.
„ბოლო კვლევებში მე ვარ ტოპლიდერებს შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარ ოპონენტად ითვლება. ეს არის Edison Research-ის კვლევა. ყველას რეიტინგი მცირდება, მხოლოდ ჩვენი რეიტინგი იზრდება, იმიტომ, რომ ჩვენი ხელწერა გვაქვს. ჩვენ არამხოლოდ ვაკრიტიკებთ, არამედ ვსაუბრობთ, რა არის გასაკეთებელი. ყოველთვის ფორმულებით გამოვდივართ, რა უნდა გავაკეთოთ ეკონომიკაში, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, სოციალურად დაუცველებს როგორ უნდა დავეხმაროთ, როგორ უნდა განვავითაროთ რეგიონები და სოფლის მეურნეობა. ეს არის ჩვენი ხელწერა და აქედან გამომდინარე იზრდება პირადად ჩემი რეიტინგი, იზრდება პოლიტიკური ძალის რეიტინგი. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ დამოუკიდებლად ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეიტინგი გაცილებით მაღალი იქნება... დღეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ნამდვილად აქვს რესურსი იმისა, რომ პოლიტიკურ ძალებში მესამე რეიტინგი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავზომავთ სექტემბერში, ძალიან საინტერესო კამპანიას ვაპირებთ. ჩვენი რეიტინგის რესურსი სად ჩანს?! იქ, სადაც მოსახლეობის 20% მხარს მიჭერს, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, იქ, სადაც ჩემი პოზიტიური შეფასება ძალიან მაღლა ავიდა და მარტო დავით ბაქრაძეზე რომ საუბრობდნენ, მიუახლოვდა ბაქრაძის პოზიტიურ შეფასებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.