წელს თბილისის ბაგა- ბაღებში შარშანდელთან შედარებით 1500-ით მეტი ბავშვია. აღსაზრდელების დიდი რაოდენობა და ფართის სიმცირე ბაღებში მშობლებისთვის და თავად მოზარდებისთვის პრობლემებს იწვევს. 60 ბავშვიან ჯგუფში ერთი მასწავლებელი და ერთი დამხმარეა. აღსაზრდელების რაოდენობის გამო დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ ყურადღება ყველა ბავშვზე გადაანაწილონ.
გარდა ამისა, საწოლების სიმცირის გამო, ბავშვების ნაწილის დაძინება ვერ ხერხდება.
ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 100%-იანი დასწრება თითქმის არ არსებობს, თუმცა 64-ის ნახევარი რომც მივიდეს, ადგილები მაინც არ ეყოფათ.
მშობლებს ჯგუფებში არსებული ვითარება აწუხებთ, თუმცა ამბობენ, რომ სხვა ბაღში გადაყვანას ვერ ახერხებენ, ადგილების არარსებობის ან სიშორის გამო, ნაწილს კერძოში თანხის გადახდა უჭირს.
ბავშვების რაოდენობაზე ის ცვლილებაც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც, ვინც 16 სექტემბრამდე 6 წლის არ გახდება, სკოლაში ვერ მიდის. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ბავშვი დარჩა ბაღის გარეშე, თუმცა ვარაუდობენ რომ ეს ციფრი 3 ათასია.
p.s.-მა აღნიშნულ პრობლემაზე რეპორტაჟი 2015 წელსაც მოამზადა. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, წინა წლებთან შედარებით ნაკლები ბაღია გადატვირთული. ახალი ბაღები შენდება და პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.
წყარო - რუსთავი 2, ავტორი: გვანცა სუთიძე.