ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებით დადასტურდა, რომ კონგრესში საქართველოს მიმართ სანქციებზე საუბარი არასდროს ყოფილა.
„ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ამ ინიციატივაში სანქციებზე საუბარი ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, კონგრესში საქართველოს მიმართ სანქციებზე საუბარი არასდროს ყოფილა, როგორც ამის წარმოჩენა სურს კრიმინალურ ოპოზიციას და პარტიულ მედიას. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამერიკელ ხალხს მადლობას ვუხდი იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო მათგან ინტენსიურად გრძნობს. ეს არის იმის ერთ-ერთი გარანტია, რომ ქვეყანა სტაბილურად იყოს და რეგიონი სტაბილურად ვითარდებოდეს. ოპოზიცია ამ საკითხებს იყენებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, რაც მიზანმიმართული აგრესიაა არა „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ სახელმწიფოს მიმართ. ეს არის მხოლოდ ორი სუბიექტის ინტერესი – რუსეთი და „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათ არ სურთ, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.