ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ, რომელიც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით იკითხება განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეში ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის კვალი დანაშაულის დღეს იკვეთება.
„24 ნოემბერს, გამთენიისას, როდესაც ბუტა მოკლეს, ადეიშვილისა და ოქრუაშვილის კვალი იკვეთება. მათ აქვთ დანაშაულის გაყალბების, იარაღის ჩადების ბრძანება და ასე შემდეგ. ბუტა ბანდიტად იმიტომ გამოიყვანეს, რომ არ შელახულიყო პატრულის იმიჯი, ნულოვანი ტოლერანტობა, ხელი არ აგიკანკალდეთ და ასე შემდეგ. რეჟიმი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში იყო, გასასამართლებელია და ასევე, გასასამართლებელია ის ხალხი, რომლებიც აყალბებდნენ ყველაფერს. რაც შეეხება იმას, რომ ოქრუაშვილი ახლა ამბობს, თითქოს არაფერი ჩვენება არ არის, ტყუილია. ეს ჩვენებები არის და მაქვს დისკზე. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა 10 თუ 15 წელი ჩაჯდება ადამიანი ციხეში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღიარონ დანაშაული. თუმცა, ოქრუაშვილს ამაში არ დავინდობ, მოიხდის წუთი-წუთზე სასჯელს“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრება.