რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა, პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია სცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მტავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება დაავალა.
„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის უაღრესად მძიმე შემთხვევა, პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა ეს ტრაგედია სცდება ოჯახს, ეს ხდება ქვეყნის ტრაგედია და შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.
რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინდა კიდევ ერთხელ დავავალო მოქალაქეების პროაქტიური ინფორმირება. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა გამოიყენოს ეს გარკვეული სპეკულირებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სწრაფი, ეფექტური გამოძიება, მაგრამ ამასთან ერთად დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება პროაქტიური ინფორმირებულობა პირველ რიგში ოჯახის და შემდგომ საზოგადოების“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ასევე საგამოძიებო სტრუქტურებს, იყვნენ პროაქტიური მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, იმისათვის, რომ ინტერპრეტირებისთვის მცირედი სივრცეც არ დარჩეს.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ყველას კარგად გვესმის და სწორედ ამიტომ დაიწყო რეფორმები და სისტემური განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად, კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მინდა თითოეულ საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ, იყოთ პროაქტიური ჩვენი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის გაზიარებისთვის, რამეთუ არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის. დღეს ჩვენ ეს არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური, სწრაფი გამოძიება და მოქალაქეების ინფორმირებულობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.