საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ფრონტერასთვის“ ხელშეკრულების გაგრძელების ფაქტს გამოეხმაურა.
მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებით იყო განპირობებული და ხაზი გაუსვა საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით.
„ოფიციალურ დონეზე „ფრონტერასთან“ დაკავშირებით საკითხი არასდროს ყოფილა განხილვის თემა და მას არ ჰქონია ისეთი დიდი მნიშვნელობა მინიჭებული, როგორსაც ამის წარმოჩენას ცდილობდნენ „ფრონტერას“ მესვეურები. იმისთვის, რომ ჩვეულებრივი, რუტინული კომერციული დავა არ გამხდარიყო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამაზიანებელი, რისი მცდელობის უამრავ ფაქტთან გვქონდა შეხება, აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსთვის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ყველა მიმართულებით, მათ შორის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე იმ შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენების თვალსაზრისით, რომელსაც საქართველო სთავაზობს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, არის გამართლებული და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ექნება შესაბამისი შეფასება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“, - განმარტა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება პრეცედენტი ვერ გახდება, რადგან საარბიტრაჟოს ვერდიქტი უნდა აღსრულდეს. საქართველომ კი კეთილი ნება დავის მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით გამოიჩინა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.