პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მოთხოვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ადგილი აქვს პოლიტიკურ თამაშებს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ეწევიან.
„მინდა, ჩემს კოლეგებს საპასუხო კითხვით მივმართო. ვახტანგ გომელაურმა არჩევნებში ჩარევა ახლა დაიწყო, თუ ადრეც ერეოდა?! თუ ადრე ერეოდა, მაშინ, „ქართულ ოცნებაში“ რატომ შემოვიდნენ და რატომ გახდნენ გუნდის წევრები 2016 წელს, ან მანამდე?! თუ გომელაური არჩევნებში არ ერეოდა, მაშინ ნაკლებ სავარაუდოა, რომ არჩევნებში ჩარევა რვა წლის თავზე დაიწყო. ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ეწევიან. ახლა მათ სიტუაციას ასე აწყობს და ასე აკეთებენ. გომელაურთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ. თუ გომელაური ასე ანგაჟირებული იყო, ამაზე ხმა მაშინ რატომ არ ამოიღეს, როცა „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.