თამარ გაბუნია: თანხას, რომელიც მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს გამოუყო, ცენტრი თავად განკარგავს

23 Jul 2020 19:54

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, 40 მილიონამდე ლარი, რომელიც მთავრობამ ინფექციურ საავადმყოფოს გამოუყო, შენობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის არის განკუთვნილი და თანხას თავად ცენტრი განკარგავს.


„დიდი ხანია, ამის შესახებ გვესმის. პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში გადაუჭრელი იყო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა მთავრობის მხრიდან, რომლის თანახმადაც ცენტრს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გამოეყოფა 40 მილიონ ლარამდე რესურსი. თანხას ცენტრი თავად განკარგავს, რათა ოპტიმალურ სცენარში, იქნება ეს შენობის მოძიება და შესყიდვა, თუ ალტერნატიული შენობის აშენება, თავად გადაწყვიტოს, ბაზრის მოკვლევის საფუძველზე და პროცედურული წესების დაცვით. მთავარი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას პრობლემები, რაც ცენტრის წინაშეა მრავალი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის კუთხით დ შეიქმნას შესაფერისი გარემო ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის. პროცედურული გადაწყვეტილება იქნება ინფექციურის მხარეს. ისინი მიიღებენ თანხას, რომ შენობა შეარჩიონ. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ჩატარებული ექნებათ გარკვეული წინასწარი სამუშაოები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


ამასთან, გაბუნიას თქმით, „კოვიდ-19“ თან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ბანკთან და სხვა დონორებთან ტექნიკური აღჭურვილობის მობილიზების კუთხით.


„ამდენად, სამინისტროს კვლავაც დარჩება გარკვეული შესაძლებლობა, რომ აუცილებელი აღჭურვილობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ცენტრის შესაძლებლობებს, შეიძინოს დონორების დაფინანსების კუთხით და ეს 40 მილიონი სუფთა სახით მოხმარდება მხოლოდ შენობას“, – განაცხადა გაბუნიამ.


რაც შეეხება ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოების რეაბილიტაციას, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროექტი სექტემბერში უკვე მზად იქნება.



კომენტარები:

ფართი შოპი