ბექა ფერაძე: ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ბაზრებზე ფოკუსირებულ კონტროლს ვიწყებთ

23 Jul 2020 22:03

,,ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ბაზრებზე ფოკუსირებულ კონტროლს ვიწყებთ", - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ბაზრებზე კონტროლის გამკაცრების მიზანია, თითოეული მოქალაქისა და ბიზნეს ოპერატორის დაცვა, რათა შეზღუდვების ხელახლა შემოღება საჭირო არ გახდეს.


„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ბაზრებზე ფოკუსირებულ კონტროლს ვიწყებთ. ეს მოიცავს ინსპექტირების განხორციელებასა და მონიტორინგს იმ პროცესზე, რამდენად ხდება ჯანდაცვის უწყების მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულება.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ასეთ სივრცეებზე განხორციელდეს მაქსიმალური კონტროლი, ვინაიდან აქ ხდება ძალიან ბევრი ადამიანის კონცენტრირება, რომლებიც უცხო არიან ერთმანეთისთვის და თუ აქ ერთი მცირედი ხარვეზი მაინც დაფიქსირდება, შესაძლოა ეს ინფექციის გავრცელების საწინდარი გახდეს. ამიტომ, ჩვენ შრომის ინსპექცია, სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან, მუნიციპალურ ინსპექციასა და შემოსავლების სამსახურთან ერთად ვიწყებთ კონტროლს და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ბუნებრივია, სანქცირებას გამოვიყენებთ. ეს არ არის ორიენტირებული დასჯაზე. ჩვენ ადგილზეც მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ავუხსნათ რა რეკომენდაციები არსებობს და მივცეთ საშუალება, რომ ადგილზევე გამოასწორონ ხარვეზები. თუ გაფრთხილების შემდეგ კვლავ გამოვლინდება დარღვევა, ჩვენ გავხდებით იძულებული გამოვიყენოთ სანქციები. ეს არის პრევენციაზე ორიენტირებული იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქე და ბიზნეს ოპერატორი, რათა არ დაგვჭირდეს იმ შეზღუდვების შემოღება, რაც ყველამ ერთად ვნახეთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი