ონლაინ საზაფხულო სკოლა ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი დამწყები პედაგოგებისთვის

24 Jul 2020 01:01

არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანელი და  სომეხი დამწყები ქალი პედაგოგებისთვის, ქალთა ფონდის მხარდაჭერით, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. ონლაინ-საზაფხულო სკოლა, რომელმაც 30-მდე ახალბედა მასწავლებელი გააერთიანა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ქალების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით წარიმართა. პროექტის ინიციატორი, ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ტრენერი თსუს განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ამავე უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მოწვეული ლექტორი - ქეთევან ბაქანიძეა.


მისი განცხადებით, პროექტის მიზანი ახალბედა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი მასწავლებლების პროფესიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და  გაძლიერება, პანდემიურ ვითარებაში განხორციელებული სასწავლო პროცესის ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება გახლდათ, ამავდროულად, მონაწილე მასწავლებლებმა ერთმანეთს დისტანციურ რეჟიმში მიღებული სწავლების გამოცდილება და ახალი სასწავლო სემესტრისთვის მათი პროფესიული გეგმები გაუზიარეს.


ონლაინ სკოლის პროგრამა მოიცავდა შემდეგ სესიებს: მამოტივირებელი ტრენინგი დამწყები მასწავლებლებისთვის; ციფრული წიგნიერება/მულტიმედია საშუალებების გამოყენება; სასწავლო პროცესის ჰიგიენა; გენდერული თანასწორობა სასკოლო საგანმანათლებლო საფეხურზე, სიტუაციური სწავლება/Case study; სამოქალაქო განათლება პანდემიური პროცესების პირობებში.


ერთკვირიანი სკოლის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს: მაია შაშვიაშვილს (განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი); ეფემია ხარაძეს (პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი; სალომე ქინქლაძეს (გენდერის მკვლევარი/გენდერის სპეციალისტი); სონა ხანზადაევას (გამოცდილი პედაგოგი მარნეულის მუნიციპალიტეტიდან); ეთერ ბოკელავაძეს (სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი, თსუს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოწვეული პედაგოგი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი).


ქეთევან ბაქანიძის შეფასებით, ქალთა ფონდის ხელშეწყობით მიმდინარე საკვირაო სკოლის მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ერთვებოდნენ დაგეგმილ სესიებში, სწორედ ბენეფიციართა ინიციატივით, უახლოეს მომავალში ისევ იგეგმება საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება. 

 


კომენტარები:

ფართი შოპი