ზვიად ავალიანი, ტელე-წამყვანი:
_ერთ-ერთმა მედია-ანალიტიკოსმა ჩვენს დებატებს "ამტანი" უწოდა. ძალიანაც კარგი! მე არ ვაპროტესტებ ამ შეფასებას, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეს სიტყვა ალბათ ირონიულ კონტექსტში ითქვა.
დიახ - ჩვენ არ ვიწვევთ პოლიტიკოსებს თბილ და კონდიცირებულ სტუდიებში, სადაც მათი ამომრჩევლების 99% არასდროს ყოფილა.
რა არის ამაში ცუდი?
ნუთუ ასე ძნელია კანდიდატმა ერთი, ან თუნდაც ორი საათი "იმუშაოს" იმ პირობებში, სადაც მუშაობს მათი ამომრჩევლების აბსოლუტური უმრავლესობა?
ან როგორ უნდა გაიგონ მათ უსახლკარო ადამიანების გაჭირვება, თუ ცხოვრებაში არასდროს გამოუცდიათ ცუდ ამინდში ღია ცის ქვეშ ყოფნის "სიამოვნება"?
საერთოდაც, იქნებ შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ არის ლიდერი - ის, ვისაც სასათბურე პირობებში უნდა ცხოვრება თუ პირიქით - ის, ვინც პირველ დარტყმას სწორედ საკუთარ თავზე იღებს?
მე მესმის, რომ შესაძლოა ასეთი "თამაშის წესები" მიუღებელი იყოს ზოგიერთი კანდიდატისთვის, მაგრამ ესეც არ არის ტრაგედია: ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ არავის ვაძალებთ ამ ფორმატში მონაწილეობას?
ამომრჩეველს მოსწონს ეს ფორმატი. არჩევნებში კი მთავარი სწორედ ამომრჩეველია. ცხადია, ჩვენ ვერასდროს ვიქნებით იდეალურები და თუნდაც დღესაც ალბათ ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია აბსოლუტურ სახალხოობამდე, მაგრამ ვფიქრობ, ამ პროექტით მედიამ მაინც დიდი ნაბიჯი გადადგა "ელიტარული" სნობიზმისგან გათავისუფლების გზაზე.
ცნობისთვის: საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, სატელევიზიო პროექტი, წინასაარჩევნო დებატები დაიწყო.
პროექტი, 18 სექტემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს გადის 21 საათზე.
პროქეტის "ფეისბუქ-გვერდზე" პროექტი ასეა აღწერილი - "გვიყურეთ და გაიგეთ მეტი თვითმმართველობასა და მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შესახებ. პროექტის ფარგლებში მოეწყობა დებატები დედაქალაქის, თვითმმართველი ქალაქებისა და ადმინისტრაციული ცენტრების მერობის კანდიდატებს შორის უშუალოდ ქალაქებიდან - თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ქუთაისი, გორი, მცხეთა, თელავი, რუსთავი, ახალციხე
წამყვანები: თამარ ჩიქოვანი, ზვიად ავალიანი"