დავით ფერაძე, ისტორიკოსი, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი:
_ეს ამბავი შევარდნაძის დროს იყო. ახალციხეში აღმართულ მარდის ტაძარს, საჯაროდ, ხილულად და უპრობლემოდ სომეხი ეროვნების რამდენიმე ადამიანი ამწით მიადგა. მათ შენობის აღმოსავლეთის გარეთა ფასადზე ყველას დასანახად წარწერა ამოკვეთეს, რომელიც იტყობინებოდა, რომ წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი ერთ-ერთი უძველესი სომხური ძეგლია და დასახელებული იყო ის სომეხი მოღვაწეები, რომლებმაც მის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა. იმ დროს უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ერთ-ერთ ყოველდღიურ გაზეთში ვმუშაობდი კორესპონდენტად. ამ ვანდალურ ფაქტს ვრცელი სტატია მივუძღვენი. მაშინდელი პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, რომლებიც სომხებთან ურთიერთობის საკითხებზეც მუშაობდა, დამიკავშირდა და კონფიდენციალური შეხვედრა მთხოვა. ეს რა გააკეთეო, - მითხრა შეხვედრისას. - სომხეთის პარლამენტში ერთი ამბებია ატეხილი. სხდომაზე ამ გაზეთს აფრიალებენ და შენ ხომ სამცხე-ჯავახეთის „ძირძველი“ სომეხი მოსახლეობის მტრად გაცხადებენ, საქართველოს ხელისუფლებაც არანაკლებ გალანძღესო. აბა, რა უნდა ვქნათ, შევეგუოთ იმას, რომ შუა ახალციხეში ასე „ნაგლად“, ჩვენ ცხვირწინ ასეთ საშინელებას აკეთებენ და აღარც ვამხილოთ მეთქი? ჩვენ ტაძარს თავს დაესხნენ, უნდათ, რომ ახალციხე ისტორიულ სომხურ ტერიტორიად წარმოაჩინონ და აქეთ ჩვენ გვაცხადებენ მტრებად მეთქი?
კი, თავი უნდა შევიკავოთო.
საკმაოდ მყავდა და მყავს სომეხი ეროვნების ნაცნობობა, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ღმერთმა დამიფაროს ეროვნებისმოძულეობისგან. ყველა ღვთისშვილია, მაგრამ, ასე თუ თავი შევიკავეთ არგანაწყენების მოტივით, რას ვიღებთ საბოლოოდ? „დაყვავების პოლიტიკა“ ჩვენ გვითხრის ძირს და ავგანზრახული პირები ასე ესხმიან თავს იმ ძეგლებს, რომელთა ქვებიც „გვიღაღადებენ“ და გვიდასტურებენ, რომელი ტერიტორიებიც გვეკუთვნის. თავშეკავება რომ გამოეჩინა წმ. ილია მართალს, მაშინ არ დაწერდა „ქვათა ღაღადს“ და არ გააჩუმებდა თავის ეპოქაში აყაყანებულ ფსევდო სომეხ მოღვაწეებს.
ახლა კიდევ ყველაზე უეჭველ, ყველაზე ცხადად ქართულ ძეგლს - კუმურდოს უტევენ. სომხეთის სოციალური ქსელები და მედია ააჭრელეს ამბით, რომ ქართული სახელმწიფო ისტორიული სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე კუმურდოს ტაძრის ეზოდან სომხურ სასაფლაოს ანადგურებს, რომ სომეხ ხალხს იქ არ უშვებს და ა.შ. ცხადია, არაფერს ამბობენ იმაზე, თუ ჩვენი ძალოვნები როგორ შეურაცხყვეს ერთეულმა პირებმა, როგორ ძალადობდნენ. მე მშვიდობის მოყვარული ვარ და პაციფისტური განწყობა მაქვს, მაგრამ სიმკაცრე გვჭირდება. სიმკაცრე... არ შველით ეს დაყვავება და...