5 ოქტომბერს, ხუთი ფინალისტიდან, ერთ-ერთი მასწავლებლის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება!

04 Oct 2017 23:50

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი მასწავლებლის მსოფლიო დღეს გაიმართება.


5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი. ცერემონიალზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს პირველი მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. დანარჩენ ოთხ ფინალისტს დააჯილდოებს ლიბერთი ბანკი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - „The Global Teacher Prize“ ნაწილია.


2017 წლის 31 მაისს გამოცხადდა ჯილდოს კონკურსი, რომელშიც 114 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან ნახევარფინალისტების ათეული და ფინალისტების ხუთეული განათლებისა და კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია.



მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:


  • ეკა წულუკიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
  • ნათია ფურცელაძე - ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალი“-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
  • ნინო აბულაძე - ქ. თბილისის N 43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
  • ვლადიმერ აფხაზავა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი / სპეც.მასწავლებელი.
  • თეა ნონიკაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისა და ლიბერთი ბანკის გარდა, ასევე, მხარს უჭერენ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.


კომენტარები:

ფართი შოპი