ამირან გამყრელიძე: კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება

24 Jul 2020 21:18

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება.


მისივე თქმით, დღეისთვის მსოფლიოში 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, მაგრამ დაახლოებით 10 გადის კლინიკურ კვლევას. მათგან 4 კვლევის ბოლო ეტაპებზეა გადასული.


„ამ ოთხს შორისაა ოქსფორდის მიერ შემუშვებული ვაქცინა. ასევე, არის ამერიკაში შექმნილი, ამერიკულ-გერმანული და კიდევ რამდენიმე, რომელიც მოწინავე ეტაპზეა. ვფიქრობ, ვაქცინა გარკვეული რაოდენობით იქნება გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში.

რაც შეეხება მედიკამენტს, უფრო რთულადაა საქმე. რამდენიმე მედიკამენტი კვლევის ფაზაშია, მაგრამ უფრო მეტი აქცენტია „ძველ მედიკამენტებზე“. რომლებიც სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა, ღრმა კლინიკური კვლევები უტარდება. იცით „რემდესევირი“, რომელიც ებოლას საჭინააღმდეგოდ შეიქმნა. ასევე, დიდი გამოხმაურება აქვს ცნობილ პრეპარატს „დექსამეტაზონს“, შიდსის საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატს, რომელთა გარკვეული ეფექტურობა დადასტურებულია და მათი კლინიკური კვლევები მიმდინარეობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


გამყრელიძემ კითხვაზე თუ როდისთვისაა შესაძლებელი ვაქცინის საქართველოსი შემოტანა, განაცხადა, რომ ამჟამად კონკრეტული ვადის დასახელება შეუძლებელია.


„ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ოქსფორდის ვაქცინაზე. მასზე მუშობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ძლიერი ჯგუფი და მათთან ერთად დიდი გიგანტი კომპანია, როგორიც არის „ასტრაზენეკა“, შვედურ-ბრიტანული კომპანია. სწორედ ამ კომპანიასთან გვქონდა მოლაპარაკებდა და თუ იქნა ხელმისაწვდომი ვაქცინა, რა პირობებით და როგორ“, - განაცხადა გამყრელიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი