თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ჩემს შვილს ისეთი ამბიციური გეგმები ჰქონდა, თავს არ მოიკლავდა!

27 Jul 2020 12:33

„ის ვიცი, რომ ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ჩემს შვილს ისეთი ამბიციური გეგმები, იმხელა პოტენციალი ჰქონდა, რომ თავს არ მოიკლავდა, ქვეყანას უნდა გამოდგომოდა", - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.



„თვითმკვლელობამდე მიყვანას არ გამოვრიცხავ, მაგრამ უაზროდ რომ თავი მოეკლა ჩემს შვილს, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. თვითმკვლელობამდე მიყვანას ვაღიარებ მეც იმიტომ, რომ ისე იყო მოწყენილი, სულ რაღაცას ჩაჰკირკიტებდა ბოლო ერთი თვის მანძილზე, არ ვიცი რას. ფაქტია, რომ კომპიუტერულ რაღაცას უკავშირდება. არ ვიცი, სამსახურიდან იყო თუ სხვა რამ, შეიძლება ისეთ სისტემაში შეაღწია, სადაც არ უნდა შეეღწია და მიხვდა, რომ არ აცოცხლებდნენ“, - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.



მისი თქმით, ბოლო პერიოდში მისი შვილი კომპანიაში „ზეგ“-ში დისტანციურად მუშაობდა, თუმცა, დედისთვის უცნობია, კონკრეტულად, რა იყო მისი მეორე სამსახური.


„ვიცი, რომ ავსტრიელებთან მუშაობდა, მაგრამ იქედან 2 თვის წინ წამოსულა. ეს მისმა მეგობარმა თქვა, რომ იქედან 2 თვის წინ წამოვიდაო. მე კიდევ მეგონა, რომ იღლებოდა, ვეჩხუბებოდი, ერთ-ერთი სამსახური დათმე-მეთქი. მითხრა, არ ვიცი, რომელი სამსახური დავტოვო, ვერ გადამიწყვეტიაო. ის თუ 2 თვის წინ დატოვა, მაშინ ახლა რაღას ნერვიულობდა და ეს სამსახურიც რატომ დატოვა?“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.



მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი თავის კომპიუტერს სახლში არასდროს ტოვებდა, თუნდაც სახლიდან 4-5 საათით გასულიყო. დედა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მისი შვილი ვიღაცამ გაიტყუა.



23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.





კომენტარები:

ფართი შოპი