ევროპული საქართველო: 1993 წლის 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულებას საქართველო აქტიურად უნდა იყენებდეს

27 Jul 2020 19:25



დღევანდელ დღეს, 1993 წლის 27 ივლისს, რუსეთის ფედერაციის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი კოზირევის მონაწილეობით, სოჭში ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ სოხუმიდან პრაქტიკულად მთლიანად გამოიყვანა მძიმე ტექნიკა და არტილერია. დეოკუპაციის კონტექსტში ხელშეკრულების და მისი ხელმოწერის თარიღის მნიშვნელობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ისაუბრა.



„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების კონტექსტში რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის აღმნიშვნელ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღსა და დოკუმენტს არანაირი ფორმით არ გამოხმაურებია.


სულ რამდენიმე კვირაში რუსულმა მხარემ და მის ეფექტურ კონტროლს დაქვემდებარებულმა სხვადასხვა ნაწილებმა დაარღვიეს შეთანხმება, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო ოკუპაცია და მისი ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობის საკუთარი სახლებიდან განდევნა მოყვა. ომის დამთავრების შესახებ შევარდნაძის მთავრობის მიერ შექმნილმა მცდარმა განწყობამ კი (სოხუმში პირველ სექტემბერს სწავლა დაიწყო სკოლებსა და უნივერსიტეტში) მშვიდობიან მოსახლეობაში განსაკუთრებულად დიდ დანაკარგები განაპირობა,“ - განაცხადა კანდელაკმა.



კანდელაკის თქმით, სოჭის ხელშეკრულება დღესაც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტია, რომელსაც საქართველო აქტიურად უნდა იყენებდეს საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის და, მაგალითად, დევნილთა დაბრუნების საკითხის რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციებში მოხვედრისათვის. აფხაზეთიდან განდევნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალით წართმეულ უძრავ ქონებას აფხაზეთში ტურისტულ სეზონზე ევროპული და ამერიკული კომპანიები AirBNB და booking.com აქირავებენ. ევროპული საქართველოს მიერ პარლამენტიში რამდენიმე თვის წინ შეტანილი რეზოლუცია რომლის ერთ-ერთი სწორედ დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვა იყო ქართულმა ოცნებამ გადაჭრით უარყო.



„დღევანდელი თარიღი ასევე გვახსენებს რუსეთთან მოლაპარაკებებისას საქართველოსთვის წამგებიან ფორმატზე დათანხმების საფრთხეებს. 1993 წლის 27 ივლისს - ისევე როგორც რამდენჯერმე შევარდნაძის მმართველობის დროს - საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დათანხმდა მოლაპარაკებათა ფორმატს, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობდა როგორც შუამავალი და პროცესის გარანტორი, მიუხედავად იმისა რომ თავად წარმოადგენდა მის მხარეს და მისი შეიარაღებული ნაწილები პირდაპირ იღებდნენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში,“ - განაცხადა კანდელაკმა.





კომენტარები:

ფართი შოპი