გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირის, ირაკლი წაქაძის ადვოკატის პაატა გაბელიას განცხადებით, წაქაძის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნათქვამი სიტყვები, რომ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება, პირდაპირი გაგებით დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს.
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იგულისხმა, რომ ის იძულებული იყო, ჩართულიყო პირველ ეპიზოდში ჩხუბში, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოქმედებდა. ასე რომ ჩავთვალოთ ეს პოზიცია, რომ მან აღიარა დანაშაული, ამას ვერ დავარქმევდი აღიარებას პირდაპირი გაგებით. ეს იყო პირველივე ჩვენებით. ჩვენდა გასაკვირად, ბრალდების მხარე ამას არ თვლის არც თანამშრომლობად, არც რაიმე სახის აღიარებად, იმ დროს, როცა პირველივე დაკითხვის დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ იგი ჩაერთო ჩხუბში. უფრო სწორად, იძულებული გახდა, ჩართულიყო ჩხუბში. კიბის ეპიზოდი არის უბრალოდ შეფასებული, თითქოს ის რაღაცას ურტყამს, როცა რეალურად ის არავის ურტყამს“, – განაცხადა წაქაძის ადვოკატმა.