გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირებს ბრალი დაუმძიმდეთ.
„რაც შეეხება უშუალოდ განზრახ მკვლელობის ნაწილს, მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არაა გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ისე სრულწლოვნების მიმართ. შესაბამისად, შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ამ პირებს, ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება. აღნიშნული იქნება მაშინვე, როდესაც იქნება საკმარისი მტკიცებულებები“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
პროკურორის განმარტებით, ყველა არსებული მტკიცებულება საქმეში დევს. თუმცა, დავით ყაზარაშვილი მედიასთან კონკრეტული მტკიცებულებების განხილვისგან თავს იკავებს.