ამირან გამყრელიძე: წელს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას გრიპზე

28 Jul 2020 15:20



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედიცინაში პროგნოზების გაკეთება რთულია. 



„ყველას ჰქონდა იმედი, რომ ზაფხული, სითბო კორონავირუსულ ინფექციაზე იმოქმედება, თუმცა ასე არ მოხდა. პირიქით, ზაფხულის ბოლოსკენ, ბოლო ერთი თვე რასაც ვანგარიშობთ, რეკორდული მატებაა ყველგან, მთელ მსოფლიოში. ყოველდღიური შემთხვევები 200 ათასს სცილდება, რამდენჯერმე 300-მდეც მიუკაკუნა.


ერთადერთი დასამშვიდებელი არის, რომ როგორც ჩანს, ვირუსის ვირულენტობა კლებულობს. როცა  გაზაფხულზე გლობალურად 7 პროცენტი იყო სიკვდილიანობა, დღევანდელი დილის მონაცემით არის 3.9 მეათედი პროცენტი, ანუ ოთხამდეა ჩამოსული. ბოლო პერიოდში ჭარბობს უფრო მსუბუქი შემთხვევები, ჩვენთანაც დაახლოებით ასეა. დაახლოებით მიჰყვება იმას, რაც იყო ისტორიულად, წიგნებიდან ვიცით, იგივე პანდემია „ისპანკა“ ორი წელი გაგრძელდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



მისი თქმით, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ სწორედ ე.წ. ახლად წარმოშობილი ინფექციები იქნება.



„ესეც ახლადწარმოშობილი ინფექციაა, ამიტომ მისი ქცევა შეიძლება, შეიცვალოს და პირიქით, აგრესიული გახდეს, განსაკუთრებით შემოდგომაზე გრიპის თანხვედრა თუ იქნა. წელს არ ვიცით როგორი სიმძიმის გრიპი იქნება. გრიპი და კორონავირუსი ერთად უფრო გაართულებს მდგომარეობას.


პირველი რეკომენდაცია არის, რომ წელს რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის საწინააღმდეგოდ, რომ ამ მხრივ გვქონდეს პრევენციული მოქმედება. მას არ ექნება პრევენციული მოქმედება კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ, მაგრამ გრიპის საწინააღდმეგოდ ექნება, იქნებ, ზედდება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი