დავით ზალკალიანი: საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მაიკ პომპეომ მაღალი შეფასება მისცა

28 Jul 2020 17:34


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამერიკა კვლავაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საქართველოს გვერდით. 



„აღსანიშნავია, რომ სწორედ პანდემიის გამო გადაიდო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია რომელიც გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. საუბრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერთან საუბრისას სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების ეფექტიან მუშაობას პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან საუბრისას ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, უსაფრთხოებას და პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას“, - განაცხადა ზალკალიანმა.



მისი თქმით, ასევე ხაზი გაესვა სტრატეგიულ პარტნიორობის განვითარებას სხვა მიმართულებითაც. 



„საუბრისას განხილული იყო ოკუპაცია და და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობა. მაიკ პომპეომ საქართველოს ტერიტორიული მთილიანობისა და სუვერენიტეტისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რომ საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების, NATO-სა და ვეროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში“,- აღნიშნა ზალკალიანმა.



საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გიორგი გახარიამ და მაიკ პომპეომ ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. 



„აღინიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს მზარდი ინტერესი აქვთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი, რომლითაც დღემდე უკვე 300-ზე მეტი კომპანია სარგებლობს. მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა განაგრძოს ძალისხმევა რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. რა თქმა უნდა, ყურადღება დაეთმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებით განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და ამ რეფორმებმა დაიმსახურა სახელმწიფო მდივნის მაღალი შეფასება, ასევე მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც რომელიც იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე და მასაც, რა თქმა უნდა, წარმატებით ჩავატარებთ. ამასთან საუბრისას აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კერი დეგნანსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამერიკა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი