პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
„საუბარი იყო საქმიანი. განხილული საკითხები ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და მხოლოდ არჩევნებს არ ეხება. გაუგებარია, ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი იმის თაობაზე, თუ სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამერიკას აინტერესებს, საქართველოში არჩევნები დემოკრატიული, გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდეს.
რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ასე მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სურვილი არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, პირიქით, ცდილობენ, ისეთი გარემო შექმნან, როდესაც ნებისმიერ თემაზე ამერიკის კეთილ სურვილებს დაუკავშირებენ ორ ქვეყანას შორის რაღაც გაუგებრობას, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს.
საზოგადოებას მოვუწოდებ, შეცდომაში არ შევიდეს, ამერიკა ჩვენი მოკავშირეა. საკმაოდ დიდი და მაღალია ინტენსივობა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყველა სფეროში და ეს შენარჩუნებული იქნება. ჩვენი, საქართველო-ამერიკის ინტერესი ერთიანია, რომ ჩატარდეს მაღალი სტანდარტის არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.