არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაავადებისგან 65 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

28 Jul 2020 22:38


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.



„28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა! 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაავადებისგან უკვე განიკურნა 65 000-ზე მეტი ადამიანი და ამჟამად მკურნალობაში ჩართულია 70 000 მოქალაქე, მათ შორის პაციენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.



როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, C ჰეპატიტის პროგრამის დასაწყებად ჩვენი არგუმენტები იყო უბრალო - ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, მათ შორის პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის, ეს იყო სასიცოხლოდ აუცილებელი მკურნალობა; ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი! თუ სახელმწიფო აფინანსებს გზებს და ახალ შენობებს, აფინანსებს სოფლის მეურნეობას და თავდაცვას, ყიდულობს მანქანებს საჯარო მოხელეებისთვის - რატომ არ შეუძლია მოიძიოს მან ფული ადამიანების მკურნალობისთვის?!



სახელმწიფოს და სამოქალაქო სექტორის, სამედიცინო საზოგადოების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ჩვენ ეს შევძელით და #გვეამაყება, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადავარჩინეთ.



2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. დღეს უკვე მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია“, – წერს თალაკვაძე.





კომენტარები:

ფართი შოპი