იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.
მინისტრის განცხადებით, თითოეული ასეთი კონტაქტი, მით უმეტეს, როცა მსოფლიოში პანდემიაა და ამასთან, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა, მით უფრო, რომ საქმე ეხება სტრატეგიულ პარტნიორს.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ღირებულებებს, რაზეც დგას და ყოველთვის იდგა ჩვენი პარტნიორობა. ესაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, რადგან, ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს არ გააჩნია სხვა იარაღი, თუ არა - თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალი ინდივიდი, დამოუკიდებელი საქართველო და ძლიერი სახელმწიფო. ეს მოწმობს იმას, რომ მუდმივი დიალოგია სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომ გვაქვს აზრთა თანხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი გრძელდება და ნებისმიერ, ყოველდღიურ საკითხს, როგორიცაა მაგალითად პანდემიასთან და ოკუპაციასთან ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში, არის და მომავალშიც იქნება განხილვის საგანი“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.