ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს. პროცესს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაესწრო.
ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში პერსონალური კომპიუტერის სკანირებას სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდება.
„ვნახოთ, რა იქნება შიგნით. შემიძლია, გითხრათ, ბევრი საინტერესო რამ შეიძლება, იყოს მოძიებული. დეტალურად გვეცოდინება, როდის იყო ჩართული ბოლოს კომპიუტერი. ყველაფერი გადამოწმდება“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
მიხელ რამიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კომპიუტერი სამართალდამცველებმა 19 ივლისს წაიღეს და ექსპერტიზის ბიუროში კი, ის 22 ივლისს შეიტანეს.
„ვუთხარი, არ მოეხდინათ ამ კომპიუტერის გახსნა ჩემი თანდასწრების გარეშე. მითხრეს, რომ ასე მოხდებოდა. ბოლომდე მაშინ დავრწმუნდები იმაში, რომ არ მოხდა წინასწარ შესვლა, როცა ყველაფრის კლონირება დასრულდება. მე მაინც ვეცდები, გადავამოწმო. ექსპერტების მხრიდან ჯერჯერობით ყველა კითხვაზე არის პასუხი. არაფერი ეტყობათ არაპროფესიონალიზმის. იდეალურად იყო განხორციელებული ეს პროცედურები“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.