ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში შემოვა, აუცილებლად გამოცდილი იქნება

29 Jul 2020 12:33

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც დათანხმდებიან და რომელიც ქვეყანაში შემოვა, აუცილებლად გამოცდილი იქნება.



„ჩვენ დაველოდებით იმ გარკვეულ პერიოდს, როდესაც უკვე არაერთხელ იქნება გადამოწმებული ვაქცინის სანდოობა და მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზებთ ჩვენს მოსახლეობას. გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სრულიად უსაფრთხო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ გადაწყვეტილების პარალელურად ვეცდებით, მაქსიმალურად გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა იმისთვის, რომ ვაქცინის მიმართ ნდობა გაიზარდოს. შემდეგ უკვე, მცირე ჯგუფებით დავიწყებთ ვაქცინაციას და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ იმ სასურველ შედეგს, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებიც ელოდებიან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პრობლემა არ იყოს და ვირუსის მართვა უფრო მარტივი გახდეს, რადგან საზოგადოებას ტრადიციულად მოჰყვება ახალი ტიპის აცრების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშიც აისახა.



„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს მოლოდინი, რომ ვაქცინა ოქტომბერ-ნოემბერში იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოსახლეობას არ შევთავაზებთ ისეთ ვაქცინას, რომლის საეჭვოობაც მაღალია. ვაქცინის უნდობლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულება პირადად ჩემთვის სრულიად გასაგებია და ასევე, მისაღებიც არის, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ იანვრიდან, მას შემდეგ, რაც „კოვიდი“ დაფიქსირდა, ძალიან ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა პრეპარატებზე და ასევე, ვაქცინასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები სამედიცინო სფეროსთვის მოულოდნელი არ ყოფილა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი