არჩილ ჯაფარიძე: რაჭაში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი

29 Jul 2020 14:26

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელია გარესამყაროს მოწყვეტილი. დაზიანებულია 10 ხიდი, ცენტრალური მაგისტრალი კი სამ ადგილზეა ჩაწყვეტილი.



„ელექტროენერგია არ მიეწოდება ამ სოფლებს, რადგან მაღალი ძაბვის ხაზებია დაზიანებული. 2000-ზე მეტი ადამიანია მოწყვეტილი, არიან ტურისტებიც შოვში და სხვა ადგილებში. მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, არის რთული მონაკვეთები და არ ვიცით, როდის დასრულდება სამუშაოები“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს არჩილ ჯაფარიძემ.



მისივე თქმით, სამაშველო ჯგუფები ადგილზე დილიდან მუშაობენ.



„გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, სოფლის რწმუნებულებთან. ვერტმფრენი წამოსულია, ამინდის შესაბამისად ვიმოქმედებთ და მაქსიმალურად ოპერატიულად დავეხმარებით. დაშავებულები არ არიან. პანიკა მოსახლეობაში არ არის. საჭიროებისამებრ ყველა ღონისძიებას ჩავატარებთ. ყველა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ჩართულია“, – აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.



საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.





კომენტარები:

ფართი შოპი