საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰყოფნის უტიფრობა, ისეთივე შეურაცხმყოფელი ენით ესაუბროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რითაც ესაუბრება თავის ოპონენტებს და საზოგადოებას.
„ეს არ არის მისი პირველი ანტიდასავლური ტენდენციური გამონათქვამი. კარგად გვახსოვს, როცა უკრაინელ სტუდენტებს ესაუბრებოდა, როგორ დასდო ბრალი ამერიკასა და დასავლურ ინსტიტუციებს კოლონიალისტურ მიდგომაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში.
სააკაშვილი არის თავის მცდარ ამპლუაში, ვერ გამოდის იმ მიდგომიდან, რომ მხოლოდ შეურაცხმყოფელი და ცინიკური გამონათქვამებით დაიმსახუროს ყურადღება. მისი მიზანი უცნობია, მაგრამ შესაძლოა, სურს, ჩრდილი მიაყენოს საქართველო-ამერიკას შორის არსებულ მაღალი დონის სტრატეგიულ ურთიერთობას, რასაც ის ვერ შეძლებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ არ აკრიტიკებს და ენის მოჩლექით ელაპარაკება.