ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა

29 Jul 2020 17:17

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ენერგეტიკულ სექტორში ევროპული რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რასაც ევროპულ ენერგოგაერთიანებაში ყოველთვის აღნიშნავენ.



„ენერგეტიკაში ჩვენი მთავარი ამოცანა არის განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ენერგორესურსი, გავაძლიეროთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა. ამ თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელიწადში გაკეთდა გაცილებით მეტი, ვიდრე წინა 20 წლიან პერიოდში. ბოლო რვა წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 40-მდე ახალი მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური. ჯამში დადგმული სიმძლავრე არის 650 მეგავატი. აშენდა ან მშენებლობის პროცესში გადავიდა ისეთი სტრატეგიული ჰიდროსადგურები, რომლებზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი. მათ შორის აშენდა და ამოქმედდა შუახევიჰესი, მშენებლობის პროცესში გადავიდა ნამახვანჰესი, ნენსკრაჰესი. გარდა ამისა, ექსპლუატაციაში შევიდა ორი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოსადგური გარდაბანში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ევროპული რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით ენერგეტიკულ სექტორში და ამას ყოველთვის აღნიშნავს ევროპული ენერგოგაერთიანება.


აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ განვითარებულ გენერაციას ასეთივე განვითარებული გადამცემი ქსელები და ქსელური ინფრასტრუქტურა სჭირდება. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი სწორედ ამ მიმართულებით ყოველთვის  მხარში გვიდგას. 90 მლნ ევროზე მეტი გამოიყო ახლა იმისთვის, რომ აშენდეს საქართველოში 150 კილომეტრზე მეტი ახალი გადამცემი ქსელები, შესაბამისი ქვესადგურები და მთლიანობაში, გაძლიერდეს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.



საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებასა და გაუმჯობესების მიზნით,  90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.





კომენტარები:

ფართი შოპი