იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ პოლიციას, რომელმაც გიორგი რურუა ვაკეში გააჩერა, მისი ჩხრეკა არ მოუხდენია და შესაბამისად, იარაღი არ ამოუღიათ. საძაგლიშვილი ასევე ამტკიცებს, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა.
"გიორგი რურუას არა მხოლოდ იარაღი, არამედ გამომძიებელიც ჩაუდეს", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ამასთან, დასკვნით სიტყვაში დიმიტრი საძაგლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იარაღის მაყუჩზე, რომელიც საქმეში დევს, რურუას დნმ-ის ნიმუში გამოძიებამ გადაიტანა.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.