ერგნეთში დღეს ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 96-ე შეხვედრა ჩატარდება. მხარეები 11-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეიკრიბებიან.
შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, განიხილავს დღემდე მომხდარ ინცინდენტებს და უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს გააპროტესტებს.
შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით და ეუთოს მხარდაჭერით იმართება. მას დაესწრება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში რუდოლფ მიხალკა.
ამ ფორმატში პირველი შეხვედრა იქნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მარეკ შჩიგელისთვის. ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შარშან 30 აგვისტოს დე ფაქტო ცხინვალის ინიციატივით ჩაიშალა. მას შემდეგ 7 ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა, სადაც განიხილეს ჩორჩანა-წნელისთან არსებული მდგომარეობა. ბოლო ასეთი შეხვედრა ნოემბერში გაიმართა.